არჩევნები 2020

ვაშაძე: პატივს ვცემ, ვინც რეალურად მისცა ხმა "ოცნებას", მოვითხოვ, პატივი სცენ ჩვენს არჩევანს

ეს ხალხმრავლობა მიუთითებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. დიახ, ეს ბევრი ადამიანი მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, რომ საქართველოში ქართველი ადამიანი არ შეეგუება გაყალბებას, ღირსების აყრას და არცერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს. ბევრი სვამს კითხვას, რატომ ვართ აქ შეკრებილი. მეგობრებო, ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ - ჩვენი საარჩევნო ხმის უფლების დაცვას. დემოკრატია ეს არის, სხვა არ არსებობს ამის გარდა დემოკრატიული.  

მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვინც შეიძლება, ქართულ ოცნებას მისცა ხმა. მაგრამ მე მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა - ძვირფასებო, ჩვენ თქვენი ნების გამოხატვასაც ვცემთ პატივს, მაგრამ იქნებ თქვენს ხელისუფლებას უთხრათ, რომ ამ მრავალი ათასი ადამიანის ნების გამოხატვას სცენ პატივი, აღიარონ მარცხი და დანიშნონ ხელახალი არჩევნები.  

სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს აქ მოსვლა, რუსთაველზე, იმიტომ, ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, კანონი, კანონის უზენაესობა, პარლამენტი მთავრობა და მხოლოდ ქუჩის პროტესტებით გვიწევს მივაღწიოთ შედეგს. ამიტომ ვართ აქ. ეს გვინდა, რომ დამთავრდეს. ზუსტად ისეთი პარლამენტი გვინდა, რომელიც ხალხს მოუსმენს და ხალხის ნების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას, არა პარლამენტი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ემსახურება.  

კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველას, ვინც რეალურად მისცა ხმა ქართულ ოცნებას, მაგრამ მოვითხოვ, რომ პატივი სცენ ჩვენს არჩევანს. ეს არის ერთადერთი, რაც ახლა საქართველოს გააერთიანებს, სხვა გზა არის გახლეჩის, დაპირისპირების გზა. როდესაც გამოდიან და გვესაუბრებიან, ის ცინიზმი, ცინიკური დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ჩვენთან მიმართებაში, უნდა დავასრულოთ და დავიწყოთ ქვეყნის განვითარება.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. დღეს, 8 ნოემბერს, პარლამენტტან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება.

კომენტარები