არჩევნები 2020

კორძაია: პროპორციული უბნების რაოდენობა, სადაც ბალანსი არ ჯდება არის 986, სადავოა 597 633 ხმა

მთავარი

„ჩვენი პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები ვერ შეძლებენ შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას". - თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თამარ კორძაიამ გამართულ ბრიფინგზე. 

მისი განმარტებით, პროპორციული უბნების რაოდენობა რომელშიც არ ჯდება ბალანსი, ჯამში არის 986. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტების რაოდენობა არის 4 025, პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის  63 335 და ამ უბნებზე, რომლებშიც არ ჯდება ბალანსი, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633.

მისივე თქმით, სადავოა 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა.

"სადავოა 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის ამომრჩეველთა 17%-ს, ხოლო მოსულ ამომრჩეველთა 31%-ს. სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. მონაცემები, რასაც ჩვენ ახლა მოგაწვდით, არ მოიცავს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გახსნილ ე.წ. სპეცუბნებს. უბნების რაოდენობა მაჟორიტარულში, რომელშიც არ ჯდება ბალანსი, არის 2000. ამ უბნებზე დაკარგული, გამქრალი ხმების რაოდენობა არის 13 125. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 81 931, მოსული ამომრჩევლის რაოდენობა სადავო უბნებში არის 1 124 554". - ამბობს კორძაია. 

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და არჩევნების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ლაპარაკობენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა. საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალოს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით მოითხოვს. ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები