არჩევნები 2020

ცესკო: პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების 3.27% იქნა ბათილად ცნობილი, მაჟორიტარულში – 4.15%

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღესა და შემდეგ დღეებში 1 800 საჩივარი შევიდა, რომელთაგან უმეტესობა, მათივე ცნობით, პროცედურების დარღვევით არის წარდგენილი.

"შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან, განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთხვევაში. მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა". - თქვა ცესკოს იურისტიმა, გიორგი სანტურიანმა.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების 3.27% იქნა ბათილად ცნობილი, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში - 4.15%.

"ამასთან გაცნობებთ, რომ პარლამენტის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბიულეტენების 3.27% ბათილად იქნა ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4.15% მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.24%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.04%-ით". - თქვა მან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა მთლიანობაში გადაითვალეს 19 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც შედეგები უმეტეს შემთხვევაში უცვლელი დარჩა, ზოგიერთში კი დაზუსტდა და შეიცვალა.

"დათვლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18 გადასატანი ყუთი დალუქულ მდგომარეობაში შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან 8 გადასატანი ყუთის მონაცემი დაემატა საარჩევნო უბნის შედეგებს (პროპორციული და მაჟორიტარული). 1 გადასატანი ყუთის მონაცემი საარჩევნო უბნის შედეგებს ნაწილობრივ (პროპორციული) დაემატა, ხოლო მაჟორიტარული წესით, გაბათილდა. 9 გადასატანი ყუთი სრულად გაბათილდა". - თქვა გიორგი სანტურიანმა.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და არჩევნების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ლაპარაკობენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა. საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალოს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით მოითხოვს. ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილით აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები