არჩევნები 2020

TI: 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით ვითხოვთ

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით მოითხოვს. ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა.

  • 46 არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, საიდანაც 41 არ დაკმაყოფილდა; დაგვეთანხმნენ მხოლოდ 5-ზე: ერთ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზების გამო გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა, 4 შემთხვევაში კომისიის წევრებს სხვადასხვა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრათ.
  • 62 შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსებს ეხებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსების გამო  62-ვე უბანზე ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა. აქედან:

  • 40 საჩივარი არ დაკმაყოფილდა
  • 19 განუხილველი დარჩა
  • 3 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები გადაითვალა.

TI-ის ცნობით, 03.03.52 უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა შემდეგი დარღვევები:

  • გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის მიღებული ხმების გრაფაში ეწერა ციფრი სამი, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 33 ბიულეტენი;
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების გრაფაში ეწერა 2, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 42 ბიულეტენი;
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გრაფაში ეწერა 1, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 21 ბიულეტენი.

დიდუბის 06.07.25 უბანზე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ურნაში 19-ით ნაკლები ბიულტენი იყო, ისინი დაკარგულად ჩაითვალა და საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დააკორექტირა.

ბათუმის 29.79.19 უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმში ამომჩეველთა რაოდენობა 1334-ით აჭარბებდა სარეგისტრაციო ჟურნალებში ამომჩევლების ხელმოწერების რაოდენობას. საოლქო კომისიამ გადათვლის შედეგად ახალი ოქმი შეადგინა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100% დათვლილია:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები