არჩევნები 2020

მდინარაძე: რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, გადათვლით "ოცნების" შედეგი მცირედით გაუმჯობესდა

ტაბულა

"რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები." - ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვას ეხმაურება.

"ცესკომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 19 უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მით უმეტეს, რასაც შეიძლებოდა, უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, არ დაფიქსირებულა. 

რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მაგალითად, ბათუმში იყო უბანი, სადაც მხოლოდ მმართველ პარტიას ჰქონდა ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები, 13 ხმაზეა საუბარი." - ამბობს მდინარაძე. 

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, საჩივრები მას შემდეგ დაიწერა, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით "ცხადი გახდა, რომ ოცნებას ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა". 

მდინარაძის თქმით, ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ, "შიგნით პრეტენზიები არ განუცხადებიათ". 

"კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და, უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე. რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს." - ამბობს მდინარაძე.  

მდინარაძე ამბობს, რომ ენმ-ძალა ერთობაშიას Facebook-ზე შექმნილი აქვს გვერდი - გაყალბებული ოქმები, სადაც მისივე მტკიცებით ადამიანები "არგუმენტებით კამათს" ცდილობენ და ეს კომენტარები იშლება.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვას გამოეხმაურნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და დემოკრატიული არჩევნები. მათი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განუხილველად ტოვებდნენ. ისინი მოუწოდებდნენ საოლქო კომისიებს, გადაეთვალათ რაც შეიძლება მეტი ოლქის ბიულეტენი "და ამ გზით გაეზარდათ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებელნი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე".

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები