არჩევნები 2020

NGO-ები: მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება

ReformAustin.org

25 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება". მათი აზრით, "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო". ისინი აღნიშნავენ, რომ "არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის".

განცხადების ხელმომწერები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), კავშირი საფარი, მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს მედია-კლუბი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC), რეგიონის განვითარების ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), სამოქალაქო ინიციატივა, სათემო ფონდი ლელი, სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი.

"წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება. ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და,  სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა.

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა. მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3  ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს. პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას". – ნათქვამია განცხადებაში.

---

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები