ტერორიზმი

ვენაში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 2 ნოემბრის თავდასხმაზე, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ტელეგრამის გვერდზე, აისისის Amaq-ის სიახლეების სააგენტოზე გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

განცხადებას თანდართული ჰქონდა წვერიანი კაცის სურათი სახელად, აბუ დაგნან ალ-ალბანი. განცხადების თანახმად, ვენის ცენტრში ის თავს დაესხა ხალხს იარაღით და ავტომატით, შემდგომ კი ავსტრიის პოლიციამ მოკლა. 

თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციამ უკვე დააკავა 14 პირი. 

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ მოკლა ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც თან ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა. გამოძიების მიხედვით, ის ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ვიდეო მასალა, რომლის მეშვეობითაც პოლიცია ცდილობს სხვა თავდამსხმელების ამოცნობას. თავდამსხმელი ვენაში დაბადებული კუჯტიმ ფეჯზულაი იყო, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეც იყო. ის, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაათავისუფლეს ციხიდან. 

პარალელურად, შვეიცარიის პოლიციამ ციურიხთან 2 კაცი დააკავა, რომლებსაც შესაძლოა, თავდამსხმელთან კავშირი ჰქონდათ. 

თავდასხმები ვენაში, 6 ადგილას მოხდა. ერთ-ერთი მათგანი მთავარი სინაგოგა იყო. თავდამსხმელებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ბარებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს. ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელებმა მოკლეს 4 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილია 22 პირი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ავსტრიაში დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარლ ნეჰამერის თქმით, ვენაში მომხდარი თავდასხმა ისლამისტმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

კომენტარები