არჩევნები 2020

პროკურატურა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოს და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს

ტაბულა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყებამ უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, პროცესი 3 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. 

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებასა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს". – წერია განცხადებაში. 

პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები