არჩევნები 2020

ვაშაძე: ერთპარტიულ პარლამენტს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არავისგან არ ექნება

"ერთპარტიულ პარლამენტს არავისგან არ ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია". – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.  

ვაშაძის თქმით, აპირებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს გამქრალი ბიულეტენებისა და დაუბალანსებელი ოქმების შესახებ ფაქტები წარუდგინონ. 

"ეს ტექნიკური საკითხებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური პროცესი, რაც ახლა ხდება. ოპოზიცია არის ერთიანი საკუთარ პოზიციაში და არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ მხარდაჭერისკენ, აქტიურობისკენ და ჩართვისკენ. ახლა ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლოთ ამ პროცესის გაძღოლა. 

როცა [პარლამენტში] მარტო იქნება ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ერთპარტიულ პარლამენტს არავისგან არ ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ზუსტად ეს არის, რაზეც ახლა ჭმუნავს და ნერვიულობს ქართული ოცნება. მაგრამ, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ასეთ ტოტალურ მონაცემების გადაკეთებას ექნებოდა ადეკვატური რეაქცია ჩვენგან". – ამბობს გიორგი ვაშაძე ფორმულასთან ინტერვიუში. 

ოპოზიციური პარტიები საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერენ, რომ ნდობას არ უცხადებენ "ე.წ პარლამენტს, რომელიც უკანონო ქმედებების შედეგადაა არჩეული". განცხადებას ხელს აწერენ როგორც ის პარტიები, რომელთაც გადალახეს პარლამენტში მოსახვედრი ზღვარი, ასევე ისინიც, რომელთა შედეგიც, ცესკოს მიხედვით, 1%-ზე დაბალია. 

ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს არჩევნების შედეგები, ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები და სისტემურად აღმოიფხვრას ყველა ის დარღვევა, მათ შორის, ცესკოს დაკომპლექტების წესი, რამაც არჩევნების სისტემური გაყალბება გამოიწვია. 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები