არჩევნები 2020

ჯაფარიძე: უნდა მქონდეს 14 529, ერთი შესწორების ოქმის მონაცემები არ შეუყვანიათ

გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის საერთო დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ცესკოს ერთი შესწორების ოქმის მონაცემები შეტანილი არ აქვს. 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, მას ცესკოს საიტზე 14 429 ხმა უწერია, მაშინ, როცა 14 529 ხმა მიიღო. 

"ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმების მონაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში:

მე მაქვს 14 429 ხმა. უნდა მქონდეს 14 529, ერთი შესწორების ოქმის მონაცემი არ არის შეყვანილი. ანა დოლიძეს აქვს 12 381 ხმა. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს რომ ასეა და აცხადებენ რომ 9 ხმით წავაგე". – წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დიდუბის ოლქში ხმების 100%-ია დათვლილი, რის მიხედვითაც, პირველ ადგილას ქართული ოცნების კანდიდატი გია ვოლსკი 42.76%-ით გავიდა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანა დოლიძემ კი ზურაბ ჯაფარიძეს 9 ხმით გადაუსწრო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა. 

ტაბულა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცდება. 

კომენტარები