არჩევნები 2020

ჩიტიძე: პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა შესაძლებელია, თუ მას ესწრება 76 დეპუტატი

მესმის, რომ ამ სრული გაუგებრობის ფონზე, ვეძებთ შესაძლებლობას, რამენაირად არ მოხდეს ამ არჩევნების გაფორმება, მათ შორის, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა.

ბევრგან შემხვდა, რომ მიუთითებენ კონსტიტუციის 38-ე მუხლზე, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს. ტექსტს არ დავაკოპირებ, მაგრამ ამ კონსტიტუციური დებულებით, მოწესრიგებულია ორი ფუნდამენტური საკითხი:

ა) პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა;

ბ) პარლამენტის სრული უფლებამოსილების (ტერმინი "სრული" არის ძალიან მნიშვნელოვანი) ცნობა.

კონსტიტუცია არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა შესაძლებელია, თუ მას ფიზიკურად ესწრება 76 დეპუტატი.

რას აკეთებს ეს 76 დეპუტატი?

პირველ რიგში, უნდა ცნოს პარლამენტის სრული უფლებამოსილება.

როგორ აკეთებს ამას? საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, სხდომაზე მიდის ცესკოს თავმჯდომარე და წარადგენს არჩევნების შედეგებს. დამსწრე 76 დეპუტატი ქმნის ხმის დამთვლელ და სამანდატო კომისიას, რომელიც, ჯამში, აყალიბებს საპროცედურო კომიტეტს და ცნობს პარლამენტის წევრის მანდატებს.

პირის დეპუტატად არჩევიდან პარლამენტის მიერ მისთვის მანდატის მინიჭებამდე რა ხდება?

ასეთ პირს, ცესკო, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში, რეგისტრაციაში ატარებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 131)

ამის შემდეგ, 76 დეპუტატი ცნობს, მინიმუმ, 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მანდატს და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, მანდატზე უარის თქმა.

ანუ, მანდატის მიღებამდე, მასზე უარს ვერ იტყვი, ყველა ვარიანტში ცნობენ, თუ 76 დეპუტატი შეიკრიბება პირველ სხდომაზე. საიდან გამომდინარეობს?

საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით, კანდიდატს (პირი კანდიდატია, მათ შორის, ზემოხსენებული დროებითი მოწმობის მერეც, მანამდე, სანამ მანდატს არ უღიარებენ) უარი შეუძლია თქვას დეპუტატად არჩევამდე ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე, არაუგვიანეს 12 დღისა.

შეჯამების სახით: პირი, თუ იგი კენჭისყრაში იღებს მონაწილეობას, ვერ ამბობს უარს სამომავლო მანდატზე მანამდე, სანამ არ მიანიჭებენ ამ მანდატს.

ყველაზე მნიშვნელოვანი: ნებისმიერი სხვა წაკითხვის შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციას აეღო 55% და ოცნებას 45%, ხოლო ოცნების წევრები, ფიზიკურად არ მისულიყვნენ პირველ სხდომაზე. ესე იგი, 100 კაცი ვერასდროს შეიკრიბებოდა და მოქმედ მთავრობასა და პარლამენტს უნდა შეესრულებინა მოვალეობა სამარადჟამოდ?

ხისტად, 100 კაცის გამოცხადების მოთხოვნის ამოკითხვა კონსტიტუციის 38-ე მუხლიდან, ამიტომაც არის ფუნდამენტურად არასწორი.

დაბოლოს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც დავწერე, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული. იყო, კი? ეს უკვე სხვა საკითხია და კონსტიტუციის 38-ე მუხლის ასე იზოლირებულად, კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპებისგან განცალკევებით, არასისტემურად წაკითხვასთან კავშირში არ არის.

წერს იურისტი გიორგი ჩიტიძე საკუთარ Facebook-გვერდზე. დღეს, 1 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პარლამენტთან აქციას მართავენ. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ.

კომენტარები