არჩევნები 2020

ჯაფარიძე ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ: არჩევნებს ყველა ვაფასებთ არალეგიტიმურად

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ლელო საქართველოსთვის ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს.

"შევთანხმდით, რომ ის, რაც გუშინ ჩატარდა, ამას არჩევნები და დემოკრატიული არჩევნები არ შეიძლება ეწოდოს, ეს იყო სიყალბით, ძალადობით გაჯერებული დღე, წინასაარჩევნო პროცესიც ასევე იყო დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული დარღვევის გამოყენება, ამიტომ ეს, რაც გუშინ მოხდა, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, ის არ ასახავს საზოგადოების განწყობებს.

დღეს შევთანხმდით, რომ ყველა ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად და არ ვცნობთ მის შედეგებს. დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ ჩვენი პარტიების შიგნით და გვექნება დამატებითი შეხვედრა" - თქვა ჯაფარიძემ.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48.05% აქვს, 27% - ენმ-ძალა ერთობაშიას, 3.79% - ევროპულ საქართველოს, პატრიოტთა ალიანსს 3.18, ლელოს - 3.17, სტრატეგია აღმაშენებელს 3.15%, გირჩს - 2.92%, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს 1.34%, ლეიბორისტულ პარტიას 1%, ნინო ბურჯანაძის ერთიან საქართველოს 0.85%.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები