არჩევნები 2020

კობახიძე: 60%-ს ავიღებდით, არჩევნები თვენახევრით ადრე რომ ჩატარებულიყო

"ეს პროგნოზი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით, 2-კვირიანის განმავლობაში, მოვლენების განვითარებამ, გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა". – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე კითხვას, თუ რატომ ვერ შეძლო "ოცნებამ" დაანონსებული 60%-ის აღება.

კობახიძის აზრით, 60%-იანი შედეგი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა "გარკვეულმა ფაქტორებმა" უარყოფითი გავლენა მოახდინა. როგორც კობახიძე განმარტავს, ასეთი ფაქტორი პანდემიაა და არჩევნები "სადღაც, თვენახევრით" ადრე რომ ჩატარებულიყო, 60%-იანი შედეგი "ამბსოლუტურად რეალური" იყო.

ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, არჩევნებამდე არაერთხელ აანონსებდნენ, რომ მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 60%-იანი შედეგი ექნებოდა.

თუმცა, ბოლო მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო უბნების 80.22%, 3 847 უბნიდან 3086 უბანია დათვლილი. წინასწარი შედეგები კი ასეთია:  

  • ქართული ოცნება – 48.34% 
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 26.43% 
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.26%  
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.16%  
  • გირჩი – 3.06% 
  • მოქალაქეები – 1.4% 
  • ლეიბორისტული პარტია – 1% 
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.86% 

სხვა პარტიების შედეგები – ნახეთ აქ.

იხილეთ არჩევნების წინასწარი შედეგები განახლებად რეჟიმში – ამ გვერდზე.

კომენტარები