არჩევნები 2020

"ძალადობა 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია" – საიას შეჯამება

ტაბულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაკვირვებით, "კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა". საია-მ სადამკვირვებლო მისიის მიერ 21:00-სთვის მიწოდებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.

"ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, რაც შეუძლებელს ხდიდა პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულებას" - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ დარღვევები, ძირითადად, შეეხებოდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების, ასევე, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არარეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დაწერეს ჯამში, 76 საჩივარი, აქედან 43 - უბნის, ხოლო 33 - ოლქის დონეზე.

18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში აღრიცხული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები:

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები:

  • ქარელის №30 და №18, ხაშურის №21 და №39 უბნებზე საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს ამომრჩევლებისთვის თანხის ხელიდან ხელში გადაცემის ფაქტები. ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა კენჭისყრის ოთახის მიმდებარედ არსებულ შენობაში, ზოგჯერ კი - იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან. თანხას ამომრჩევლებს გადასცემდნენ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თანხის გადაცემაში, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:

  • სამგორის ოლქში საიას მობილური დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრის პროცედურებს. მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა დარღვევა მედიასაშუალება newpost-ის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეუქმნეს მტრული გარემო ყველა იმ უბანზე, სადაც დარღვევის გამოვლენის შემდეგ შევიდა. ამან არსებითად შეაფერხა ორგანიზაციის მუშაობა ამ ნაწილში. იმავდროულად, მედიასაშუალება newpost აგრძელებდა კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას.
  • მარნეულის №10 უბანზე საიას დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მისცა საჩივრის დარეგისტრირების უფლება.

ჟურნალისტის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლა:

  • ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა გლდანში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ. საცხოვრებელ კორპუსებთან უცნობი პირები ჟურნალისტებს გადაღების დროს დაბრკოლებებს უქმნიდნენ და მოუწოდებდნენ,  საქმიანობა შეეწყვიტათ.
  • თელავის №38 საარჩევნო უბანზე (სოფელი ყარაჯალა) TV პირველის ჟურნალისტები არ დაუშვეს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მოუწევდათ გამოკითხვაზე მისვლა იმის გამო, რომ ისინი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა:

  • მარტვილის №29 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირებას არ ამოწმებდა; 
  • გორის №20 უბანზე მარკირება გაუკეთეს პირს, რომელიც არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამის შემდეგ ის თავად კომისიის წევრებმა გადაიყვანეს გვერდით მდებარე უბანზე, სადაც ხმა მისცა; 
  • მარნეულის №10 უბანზე ამომრჩევლებს მარკირების გარეშე უშვებდნენ, რაზეც საიამ საჩივრები დაწერა; 
  • გარდაბნის №21 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, ისე უბანზე მისვლით. საიამ დაწერა საჩივარი უბნის და ოლქის დონეზე; 
  • კასპის №29 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები:

  • ზუგდიდის №47 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნებისას, გამოყენებული და დარჩენილი ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამებოდა წაღებული ბიულეტენების რაოდენობას - ჯამში, იყო ერთით ნაკლები.
  • მარტვილის №19 უბანზე გამოცხადებისას დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრებს გადაეცათ სულ 45-45 საარჩევნო ბიულეტენი - როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა,რომ  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა 41-მა ამომრჩეველმა, უბანზე კიდაბრუნდა სამ-სამი გაფუჭებული ბიულეტენი. შესაბამისად, დაიკარგა ერთი მაჟორიტარული დაერთი პროპორციული ბიულეტენი;
  • შუახევის №1 უბანზე გადასატანი ყუთი შემოიტანეს დაულუქავი. საიას დამკვირვებლის მიერ საჩივრის წერის დროს ყუთი გაიტანეს უბნის გარეთ და შემოიტანეს უკვე დალუქული სახით.

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა.

კომენტარები