საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, Facebook გვერდზე წერს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
"ჩვენ გავიმარჯვეთ!
• მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა!
• ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც, სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ.
• მთელ მსოფლიოს დავანახვეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ.
• მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.
• ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი". - წერს ის.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ არ დახურულა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უბნის შესასვლელების რიგებში დგანან.
ოთხმა ტელეკომპანიამ უკვე გამოაქვეყნა ეგზიტპოლის შედეგები:
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 47% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას 28%, ხოლო ევროპულ საქართველოს - 5%. გამოკითხულთა 50%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 41% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას 33%, ხოლო ევროპულ საქართველოს - 5%. ეგზიტპოლის შედეგები 17:00 საათის მონაცემებით არის შედგენილი.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 55% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ - 23%, ევროპულმა საქართველომ - 3%. ეს 18:00-ის მონაცემებია.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართულ ოცნებას 52.26% აქვს, ენმ-ს 25.33%, ხოლო ევროპულ საქართველოს - 4.2%. ეს 17:30 საათის მონაცემებია.





