არჩევნები 2020

ვაშაძე: საარჩევნო სიებში გარდაცვლილები არიან, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან არიგებენ ფულს

ახალი საქართველო

სტარტეგია აღმაშენებლის ლიდერმა და ისანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე ილაპარაკა და თქვა, რომ მთაწმინდის 23-ე საარჩევნო უბანზე გარდაცვლილები არიან ამომრჩეველთა სიაში. ვაშაძემ ილაპარაკა საარჩევნო უბნებთან ფულის გადაცემის მრავალი ფაქტის შესახებაც, რაც პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ხდება.

ვაშაძის თქმით, ისნის რაიონში პოლიციისა და ქართული ოცნების მხრიდან სტრატეგია აღმაშენებლის აქტივისტების მიმართ აგრესიულ ქმედებები გამოვლინდა. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ, როგორი ტიპის აგიტაციაც არის აკრძალული, სწორედ ასეთს ეწევიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ვაშაძე ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

გიორგი ვაშაძემ დამკვირვებლებს მოუწოდა, არ დაუშვან გარდაცვლილების მონაცემთა გამოყენება.

"მთაწმინდის 23-ე უბანზე გარდაცვლილები არიან სიაში, რომლებიც ადრე სიაში არ იყვნენ. ასე ვთქვათ, სიაში მოხვდნენ, ბატონი ზ.გ., რომელიც გარდაცვლილია და  ნ.გ. ასევე 2004 წელს გარდაცვლილია. ეს ადამიანები საარჩევნო სიაში ფიქსირდებიან, ამ კუთხით მოვუწოდებ ჩვენს დამკვირვებლებს და ყველას, რომ მიაქციეთ ყურადღება, რათა არ მოხდეს გარდაცვლილთა მონაცემების გამოყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია." - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, აჭარაში ქართული ოცნების კოორდინატორები, "გარკვეული პირობების სანცვლოდ" ფულს უხდიან ამომრჩევლებს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა მოსახლეობას შეახსენა, რომ მათ ხმას "ვერავინ გააკონტროლებს".

"აქვე მინდა ვთქვა  ფულის გადაცემის მასიური ფაქტების შესახებ, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ხდება და ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ვიდეო გვაქვს, რომელიც ასახავს  აჭარაში ფულის გადაცემის ფაქტს, თუ როგორ გადასცემენ ქართული ოცნების კოორდინატორები, ალბათ, გარკვეული პირობების სანაცვლოდ ფულს. სამწუხაროა, რომ ისევ და ისევ ქართული ოცნება მიმართავს პირდაპირ მოსყიდვას ამ არჩევნებზე. ყველაფერ ამასთან გასამკლავებლად მე მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იცოდეთ, რომ, როდესაც მიდიხართ საარჩევნო უბანთან, როცა შეხვალთ ხმის მისაცემად ვერავინ ვერ გააკონტროლებს თქვენს ხმას, ძალიან გთხოვთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ ბიულეტენს და მივიღოთ არჩევანი წრფელი გულით. ამ ზეწოლებმა და წნეხმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს." - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც უკვე მიღეს არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები