არჩევნები 2020

კაპანაძე: ხობის მე-12 უბანთან ხალხს აშინებენ დახმარების მოხსნით თუ ოცნებას არ მისცემენ ხმას

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე ყოველწუთიერად ხდება დარღვევები. კაპანაძე ამბობს, რომ ფოთში, პირველ საარჩევნო უბანზე მისულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელისა და გვარის გასწრივ დახვდათ ხელმოწერები, ასევე, ხობში, მე-12 უბანთან ადგილობრივი სკოლის დირექტორი აშინებს ამომრჩეველს სოციალური დახმარების მოხსნით, თუ ისინი მმართველ პარტიას არ დაუჭერენ მხარს. 

"ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას და ახლა მინდა, ამ დარღვევებზე ვისაუბრო. პრაქტიკულად ყოველწუთიერად მოდის ახალი დარღვევები და რამდენიმე სერიოზული დარღვევა ფიქსირება. 

ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე მოსულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელის და გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერის გრაფა დახვდა ხელმოწერილი, რაზეც ჩვენმა წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება, რეგისტრატორი არის ნაციონალური მოძრაობის დანიშნული, აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაწერა იმ ამომრჩეველმა, რომელსაც ხელმოწერილი დახვდა გრაფა, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდა უბანზე, წაიღო საჩივარი და განაცხადა, რომ აღარ ჩიოდა.

ხობის მე-12 უბანთან სოფლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი - შორენა ბართია, ხალხს აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით თუ ქართულ ოცნებას არ მისცემენ  ხმას. 

ბათუმში მე-60 და მე-7 უბნებზე ბიულეტენი მოხევის დროს ზიანდება და ევროპული საქართველოს ნომერი ყუაზე რჩება.

სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც თვეში ერთხელ აძლევენ დახმარებას, მაინდამაინც დღეს ურიგებენ და ხელს აწერინებენ.

კრწანისის მე-8 უბანთან დაფიქსირდა ფულის გადაცემა ოცნების კოორდინატორის მიერ.

მარნეულის და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეები "მწვანე დედამიწის" დამკვირვებლებად  დარეგისტრირდნენ და ამ სტატუსით საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან.

ასეთი იაფი ხრიკებით, ბუნებრივია, ხელისუფლება ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი გასცემს შესაბამის პასუხს.“ - განაცხადა კაპანაძემ.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები