არჩევნები 2020

კობახიძე: შეინიშნება ენმ-ს ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, "შეინიშნება ნაციონალური მოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“.

მისივე თქმით, ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიციის ორ წარმომადგენელს  ჰქონდა გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა. მისივე თქმით, ამ ფაქტს აფიქსირებდა ტვ პირველის ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. კობახიძის თქმით, ამ შემთხვევის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

"გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენ მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. 

პისტოლეტით შეირაღებული დემონსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი.

ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი". - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, ოპოზიციური არხების მიერ საარჩევნო პროცესის გაშუქება "სიცრუეა და ყალბია"

"თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება. სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია". - ამბობს კობახიძე. 

პლატფორმა 2020-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე გიორგი მუმლაძეს მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მუმლაძემ ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

კომენტარები