არჩევნები 2020

31 ოქტომბერს საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს

არჩევნები 2020
ტაბულა

2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება - ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს;

ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე პირებს წელს პირველად მიეცათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

31 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

31 ოქტომბერს 07.00 საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

კომენტარები