არჩევნები 2020

უდუმაშვილი: აქციას 31-ში საღამოს ვგეგმავთ და არა 12:00-ზე, ერთად უნდა აღვნიშნოთ გამარჯვება

ტვ პირველი

"რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12:00-ზე, არამედ, საღამოს 20:00-ის შემდეგ, როცა საარჩევნო უბნები დაიხურება". – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან მამუკა მდინარაძის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენმ 12:00 საათიდან აპირებს მრავალათასიანი აქციის გამართვას, მტკნარი სიცრუე უწოდა.

"ან წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ ან შეგნებულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში.

მართლაც, შესულია ჩვენი სახელით განაცხადი მერიაში 31 ოქტომბერზე, ოღონდ აქციას ვგეგმავთ არა დილის 12 საათზე, არამედ, საღამოს რვა საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, ვგეგმავთ ერთად, მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, როგორ შედის ოქმები საარჩევნო კომისიაში და რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

12:00-ზე მიდის ჩვეულებრივი ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს სცენა და მოამზადოს საღამოსთვის, ამას სჭირდება 6-7 საათი და სწორედ ამიტომ არის განაცხადში მითითებული ეს დრო, მოეშვით ამ ტყუილების ტირაჟირებას მუდმივად და საათობით ეკრანიდან, გასაგებია, რომ ნერვიულობთ, სანერვიულო ნამდვილად გაქვთ, იმიტომ, რომ 31-ში საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობებათ". – განაცხადა უდუმაშვილმა ბრიფინგზე.

კომენტარები