არჩევნები 2020

უგულავა: ზუგდიდში გვაქვს ეგზოტიკური შემთხვევა – ოცნების შტაბი ამომრჩეველს ღვინოს ურიგებს

ევროპული საქართველო

ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნების მოგებას კვლავ მოსყიდვითა და დაშინებით ცდილობს. 

როგორც ოპოზიციური ლიდერი ამბობს, ზუგდიდში მოსყიდვის "ეგზოტიკური" შემთხვევები გამოვლინდა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ღვინოს ურიგებენ. 

"ყულისკარში გვაქვს ჩვენ შემთხვევა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება შტაბის უფროსს, მოქმედ მერს, გეგა შენგელიას. გვაქვს ეგზოტიკური შემთხვევები, როგორიც არის ღვინის დარიგება. დღეს შუა ქალაქში ღვინოს არიგებდა ირაკლი ჩიქოვანი და მისი შტაბი". – ამბობს გიგი უგულავა ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ იქნება ასეთი შემთხვევები. გიგი უგულავას შეფასებით, ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებს პატივს არ სცემს და სჯერათ, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, რადგან ასეთია პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბუნება. 

"31 ოქტომბერს ქართული საზოგადოება, ჩვენი ამომრჩეველი დაანახებს, რომ არავინ არ არის ნაყიდი და ივანიშვილს გაუშვებენ თავის ფულიანად ოპოზიციაში". – თქვა გიგი უგულავამ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოპონენტი მმართველი გუნდიდან ირაკლი ჩიქოვანი იქნება.

კომენტარები