არჩევნები 2020

უგულავა კობახიძეზე: შიშისგან ტუჩებგათეთრებული ღლაპის ნათქვამი ნიშნავს, რომ წაგების ეშინიათ

ევროპული საქართველო

"კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ეშინია არჩევნებში წაგების". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ ენმ-ს ვანო მერაბიშვილის მეთაურობით ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანას ცდილობს.

უგულავას თქმით, ყველა განცხადება, რაც კეთდება ხელისუფლების მხრიდან, არის იმისთვის, რათა დამალონ, რომ არჩევნებს აგებენ და მეორე, რომ ორშაბათიდან მათ სურთ ქვეყნის სრული ჩაკეტვა, რათა მოხდეს მეორე ტურში მანიპულაციები.

"შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის განცხადება, კობახიძის განცხადება, მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე.

ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით, ეს არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით და თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა, ამიტომ, დაუშვებელია, რომ ორშაბათს, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ჩაკეტოს კვლავ ქვეყანა". – ამბობს უგულავა. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები