ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 1 928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა, 551 – აჭარაში

24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა, 551 – აჭარაში, იმერეთში – 245, ქვემო ქართლში – 87, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ინფორმაციას ავრცელებს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა. 

25 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაიცვალა კიდევ 8 და გამოჯანმრთელდა 604 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 17 463 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები