ავღანეთი

ავღანეთში ვიზის მოთხოვნით მისული ხალხის ჭყლეტაში 11 ქალი დაიღუპა და ბევრი დაშავდა

ავღანეთში, სტადიონზე, ჭყლეტაში, სულ მცირე, 11 ქალი დაიღუპა. იქ ხალხი ვიზის მოთხოვნით იყო მისული. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი ქალი და მოხუცი დაშავდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პაკისტანში წასასვლელი ვიზები მოეთხოვათ. ხალხი ვიზების მოთხოვნისთვის ქალაქ ჯალალაბადში, სტადიონზე გაგზავნეს ვიზის ცენტრის ნაცვლად. 

პანდემიის გამო 7-თვიანი პაუზის შემდეგ პაკისტანში წასასვლელი ვიზების გაცემა ახლახანს განახლდა.

ოფიციალური პირების თქმით, სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და ჭყლეტაში ხალხმა გაქცევა გადაწყვიტა.

ავღანეთში პაკისტანის ელჩი, მასორ აჰმად ქანი, დამწუხრებულია და ამბობს, რომ მისი ქვეყანა და ავღანელი მაღალჩინოსნები მუშაობენ, რათა ვიზის გასაცემად უკეთესი პირობები შექმნან. 

ავღანელები მეზობელ პაკისტანში, ძირითადად, ახლობლების მოსანახულებლად, სამკურნალოდ, სამსახურის საძებნელად ან ქვეყნიდან გასაქცევად ჩადიან.

კომენტარები