huawei

შვედეთმა 5G ქსელის შექმნაში Huawei-ს მონაწილეობა აკრძალა

Huawei
AFP

შვედეთმა უსაფრთხოების მიზნით 5G ქსელის შექმნაში ჩინური კომპანიების Huawei-სა და ZTE-ს მონაწილეობა აკრძალა.

შვედეთის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციის თქმით, აკრძალვა დაკავშირებულია შვედეთის შეიარაღებული ძალებს და უსაფრთხოების სამსახურის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც ჩინეთი "ერთერთი უდიდესი საფრთხეა შვედეთისთვის".

ბოლო პერიოდში ევროპული სახელმწიფოები 5G ქსელის შექმნაში მონაწილე ჩინურ კომპანიებზე კონტროლს ამკაცრებენ. ეს, გარკვეულწილად, ვაშინგტონის ზეწოლასთან არის დაკავშირებული. აშშ მიიჩნევს, რომ Huawei-ს ტექნოლოგიები შეიძლება, პეკინმა ჯაშუშობისთვის გამოიყენოს. Huawei ბრალდებებს უარყოფს.

Huawei-სა და ZTE-ს შვედეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ივლისში დიდმა ბრიტანეთმა 5G ქსელის შექმნაში Huawei-ს მონაწილეობა აკრძალა. ბრიტანული ტელეკომუნიკაციების კომპანიებს მოუწევს მიმდინარე წელს შეწყვიტონ 5G ტექნოლოგიების შეძენა Huawei-სგან, ხოლო უკვე ხმარებაში არსებული ტექნიკის შესაცვლელად ვადა 2027 წლამდე ექნებათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობაზე დაწესებული ამკრძალავი ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა. ეს ზომა მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა საკითხთან დაკავშირებით სპეციალური დასკვნა მოამზადეს, რომლის მიხედვითაც Huawei პირდაპირ კავშირშია ჩინეთის ხელისუფლებასთან, რაც ჩინეთის კომპარტიას საშუალებას აძლევს, უთვალთვალოს აშშ-ის სატელოკომუნიკაციო ქსელებს. 

კომენტარები