huawei

ბრიტანეთმა შეცვალა გადაწყვეტილება 5G-ქსელის შექმნაში Huawei-ს მონაწილეობაზე

Huawei
AFP

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეცვალა გადაწყვეტილება Huawei-სთვის 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობის უფლების მიცემაზე.

ბრიტანეთში განაცხადეს, რომ მიზეზი აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებია. აშშ ბრიტანეთს დაემუქრა, რომ თუ ჩინური კომპანია მაღალი სიჩქარის ინტერენეტის ქსელის შექმნაში ჩაერთვებოდა, ის უსაფრთხოების საკითხების გამო ბრიტანეთთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეთანხმებას გაწყვეტდა.

ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა პარლამენტს განუცხადა, რომ ამის გამო ტექნოლოგიის დანერგვის ვადები გადაიწევს და ის 2 მილიარდი ფუნტით მეტი დაჯდება.

"მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა სწორი არჩევანია". – თქვა მან.

შედეგად, ბრიტანული ტელეკომუნიკაციების კომპანიებს მოუწევს მიმდინარე წელს შეწყვიტონ 5G ტექნოლოგიების შეძენა Huawei-სგან, ხოლო უკვე ხმარებაში არსებული ტექნიკის შესაცვლელად ვადა 2027 წლამდე ექნებათ.

ჩინეთში ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ და ბრიტანეთის მთავრობას "ამერიკისგან გასულელებული" უწოდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ჩინური კომპანიების ინტერესებს დაიცავენ და საპასუხო ზომებს მიიღებენ.

ბრიტანეთის მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს უფლებას აძლევდნენ, ქვეყნის 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობა მიეღო, თუმცა არა მნიშვნელოვანი ნაწილების დამზადებაში. მაშინ 5G ქსელის ბაზარზე მისი ჩართულობა 35%-იანი ზღვრით შეიზღუდა.

აშშ და სხვა მოკავშირეები ბრიტანეთს მოუწოდებდნენ, არ ჩაერთო ჩინური კომპანია ქსელის მშენებლობაში.

გასული წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ს მთავრობის თანხმობის გარეშე. აშშ-ს ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება. გარდა ამისა, აშშ კომპანიის მიერ სმარტფონების კამერების პატენტების მოპარვის საქმეს იძიებს.

ამის შემდეგ Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა. Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Intel-მა და Qualcomm-მაც, რომლებიც ჩინურ კომპანიას მიკროპროცესორებს აწვდიდნენ. Huawei-სთან თანამშრომლობა იაპონურმა ფირმა Panasonic-მაც შეწყვიტა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა იაპონურმა Softbank-მა და KDDI-მ.

კომპანიაში თქვეს, რომ ეს მათზე გავლენას არ მოახდენდა, რადგან მიკროპროცესორების წარმოება ჩინეთშიც შეუძლიათ. Huawei-ს დამფუძნებელმა, რენ ჟენფეიმ თქვა, რომ მისი კომპანია მზადაა, აშშ-ს დაწესებულ სანქციებს დაუპირისპირდეს. მას მიაჩნია, რომ აშშ კომპანიის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს და კონფლიქტი გარდაუვალია.

2018 წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით, კომპანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და, შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ჩინეთის მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარებიან, თუმცა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-სა და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, უკვე აკრძალა.

მაისში დონალდ ტრამპმა Huawei-სთან თანამშრომლობის აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა.

კომენტარები