ტერორიზმი

საფრანგეთიდან ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 231 პირის გაძევებას აპირებენ – Reuters

EPA/YOAN VALAT

საფრანგეთი ემზადება მთავრობის მეთვალყურეობის სიაში მყოფი 231 უცხოელის გასაძევებლად, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ექსტრემისტული რელიგიური რწმენის ქონაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის განმარტებით, ექსტრემისტები არიან ის "ადამიანები, ვინც ჩართულნი არიან რადიკალიზაციის პროცესში, სავარაუდოდ, სურთ საზღვარგარეთ წასვლა, რათა ტერორისტულ ჯგუფებს შეუერთდნენ ან ტერორისტულ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა".

გამოცემის მიხედვით, 231 ეჭვმიტანილიდან 180 ამჟამად ციხეშია და 51-ს უახლოეს საათებში დააკავებენ.

წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმენინმა, სამინისტროს სამსახურებს სთხოვა, უფრო ახლოდან შეამოწმონ ის ადამიანები, რომლებსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მოპოვება სურთ.

47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის პირმა, 16 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან პარიზში რამდენიმე ქუჩის მოშორებით მოკლა.

მის ტელეფონში ნახეს მისივე Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებული მასწავლებლის სხეულის ფოტო და მესიჯი, რითაც ის მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებდა: "ყველაზე მოწყალე ალაჰის სახელით... [პრეზიდენტ ემანუელ] მაკრონს, ურწმუნოთა ლიდერს, მე მოვკალი ერთერთი დემონი, რომელმაც გაბედა და მუჰამედი დაამცირა".

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, განცხადებით, პატი ისლამისტური ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლია.

მასწავლებლის მიზანში ამოღება საფრანგეთის მრავალმა საჯარო პირმა შეაფასა, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის არსზე, მის ღირებულებებზე, სეკულარიზმზე, რწმენის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა.

19 ოქტომბერს პარიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე პატის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. აქციის მონაწილეებმა სამუელ პატის ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით და საფრანგეთის ჰიმნით. აქციაზე ჩანდა პლაკატები სლოგანით - "მე ვარ მასწავლებელი". აქციები გაიმართა ლიონში, ტულუზაში, სტრასბურგში, ნანტში, მარსელსა და ბორდოში.

აღსანიშნავია, რომ პროკურორის განცხადებით, 18 წლის პირი პარიზში ცხოვრობდა და აქამდე სადაზვერვო სამსახურისთვის მისი ვინაობა ცნობილი არ იყო. თავდამსხმელის ოთხი ახლო ნათესავი დაკავებულია. დაკავებულია კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ერთერთი მოსწავლის მამა და ასევე მოსწავლის მამის ნაცნობი, რომელიც სადაზვერვო სამსახურებისთვის ცნობილია.

მიმდინარე თვის დასაწყისში მასწავლებლის მიერ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებამ არაერთი მუსლიმი მშობლის გაბრაზება გამოიწვია. მოსწავლის მამამ ჩაწერა რამდენიმე ვიდეო, სადაც ისტორიის მასწავლებელს ბოროტმოქმედად მოიხსენებდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. ერთერთ ვიდეოში მან სხვებს მოუწოდა, "შეერთებოდნენ და ეთქვათ 'გაჩერდი, არ შეეხოთ ჩვენს შვილებს'." ამ ვიდეოებს ის სოციალურ ქსელში ავრცელებდა. პროკურორის განცხადებით, მოსწავლის მამის ნახევარდა სირიაში ისლამურ სახელმწიფოს 2014 წელს შეუერთდა. ჯერჯერობით, უცნობია, თინეიჯერი იცნობდა თუ არა მათ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ "შარლი ებდოს" რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ.

კომენტარები