არჩევნები 2020

ჯაფარიძე: DJ Michailo-ს პრობაცია საბუთს სთხოვს, ნამდვილად ჩვენს ღონისძიებაზე უკრავდა თუ არა

გირჩი

გირჩის ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, მუსიკოს მიხაილო თოდუას, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, პრობაცია მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს, რათა დაადასტუროს ნამდვილად გირჩის ღონისძიებაზე უკრავდა თუ არა. 

ჯაფარიძე ამის შესახებ Facebook-ზე წერს. 

"Michailo ბევრს გეცოდინებათ, დიჯეია. თითქმის 7 წელი ჩავსვით ციხეში ისე, რომ არ არსებობს სამყაროში ადამიანი, ვისაც მან რაიმე ზიანი მიაყენა. ემდი უპოვეს. ცხოვრების 7 წელი წავართვით. 7 წელი. ბოდიშიც არ მოგვიხდია დღემდე.

ციხიდან სპეციალური სამაჯურით გამოვუშვით, გადაადგილების უფლება აქვს შეზღუდული. მათ შორის 21:00 საათის შემდეგ რომ დაუკრას, სპეციალური ნებართვა უნდა აიღოს (აბა რა დროს უნდა დაუკრას დიჯეიმ?)

გუშინწინ გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე დაუკრა. 21:00 საათის მერე, ცხადია. იმის გამო, რომ 22:00 საათის შემდეგ არაპარტიული ღონისძიებები აკრძალულია, ახლა პრობაცია სთხოვს რას? გირჩთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რათა დაადასტუროს, რომ ჩვენს პარტიულ ღონისძიებაზე უკრავდა და მიმალვაში არ იყო. მიღება-ჩაბარების აქტს, დიჯეის, რომელსაც მანამდე ცხოვრების 7 წელი წავართვით.

ეს ჰგონია ხალხს ნორმალური. ამის შემოქმედნი საღამოს სახლში მიდიან და შვილებს ეხუტებიან და თუ მათ სახელებს საჯაროდ გამოიტან, აქეთ გამუნათებენ, რა პონტია ძმაო, თავის საქმეს აკეთებენო". – წერს ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

 

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გასული წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს.  

მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიხაილოს ელექტროსამაჯური ეკეთება. 

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა გირაო ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

კომენტარები