ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: უნდა ვთქვათ ეს სიტყვა – სიტუაცია უკვე საგანგაშოა

რადიო თავისუფლება/ კადრი ვიდეოდან

"სიტუაცია უკვე საგანგაშოა" – ასე აფასებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან რეგულაციები, ვინაიდან "ეს უკვე ძალიან აქტიური გავრცელებაა საქართველოში".

"სიტუაცია უკვე საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და დავიცვათ ყველანაირად რეგულაციები. ძალიან სერიოზულია და ვიმეორებ, დავინდოთ საკუთარი თავი, ოჯახი, ახლობლები, ექიმები, ეპიდემიოლოგები და სახელმწიფო". – თქვა მარინა ენდელაძემ.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 8 პაციენტი.

მარინა ენდელაძის ცნობით, 1 ინფიცირების 192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 – აჭარაში, 211 – იმერეთში, 45 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 37 – შიდა ქართლში, 39 – ქვემო ქართლში, 18 – გურიაში, 14 – სამცხე-ჯავახეთში, 13 – მცხეთა-მთიანეთი, 11 – კახეთში.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცრების 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები