ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამწუხაროდ, იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი

იმედი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

"სამწუხაროდ, იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი, 54-ია, როგორც პროფესიული, ისე საყოფაცხოვრებო, უფრო მეტია საყოფაცხოვრებო შემთხვევები, იმიტომ, რომ შიდა გავრცელება ინტენსიურია. თვითიზოლაციიდან 14 დადებითი გვყავდა, იუსტიცია, შსს-ს - 5 თანამშრომელი, სატვირთოს მძღოლი - 3 და სხვა რისკჯგუფები 70-მდე". – ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, დღეს აღრიცხული 680 ახალი შემთხვევიდან 362 სიმპტომიანი პაციენტია. ხოლო მეორე ყველაზე დიდი ჯგუფია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები – 167.

"ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, ტესტი მეორე დღესვე ან იმ დღესვე ჩაიტაროს. აუცილებელია, ის დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, უნდა მიმართოს 112-ს და გაიაროს დიაგნოსტირების პროტოკოლი". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში აღირიცხა, 189 - აჭარაში, 150 კი იმერეთში. გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 391. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები