ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორისაა თბილისი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სამი რეგიონია საყურადღებო, მათ შორისაა თბილისიც.

გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი აჭარა იყო, თუმცა რეგიონში თანდათან სტაბილიზაციის ნიშნებია. ასევე, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია იმერეთში, რაც, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ძირითადად ქუთაისის ხარჯზეა.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში აღირიცხა, 189 - აჭარაში, 150 კი იმერეთში. გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 391. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები