არჩევნები 2020

ენმ: საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფართომაშტაბიან შეხვედრებს და აქციებს გავმართავთ

ტვ პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია ეროვნულ კამპანიას იწყებს, რაც ყველა რეგიონში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს. ამის შესახებ ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა 12 ოქტომბრის ბრიფინგზე ილაპარაკა. 

"წინასაარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია. ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია გადადის აქტიურ კამპანიაში, ბევრად უფრო აქტიურში, ვიდრე აქამდე იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფართომაშტაბიან შეხვედრებს და აქციებს გავმართავთ. ამ აქციების მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს მოსახლეობას განვუმარტოთ, როგორ ვაპირებთ 31 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ, როგორ ვაპირებთ ძალიან სწრაფად ამ ქვეყნის განვითარების დაწყებას. ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა დაადგეს აღმშენებლობის გზას. 

ამ შეკრებებზე და ამ აქციებზე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს დაანახებს თავის ძალას და იმ ერთიანობას, რომელიც სუფევს ჩვენს ამომრჩეველში". – განაცხადა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა შეკრება და აქცია გაიმართება წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით. 

"20 დღე არის დარჩენილი გადამწყვეტ არჩევნებამდე. ახლა არის საჭირო ჩვენი სრული მობილიზება, რათა 31 ოქტომბერს ერთად გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ერთად დავიწყოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობა”. – თქვა უდუმაშვილმა.

კომენტარები