არჩევნები 2020

ცესკო: უცხო პირები კომისიის წევრებს ურეკავენ, რომ უბანზე კონკრეტულ დღეს არ მივიდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უცხო პირები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ კონკრეტულ დღეს მათი მისვლა უბანზე საჭირო არ არის. მათივე ცნობით, ცესკო-ში შესული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო პირები ასევე კომისიის წევრებისთვის შეუსაბამო დავალებებს აძლევენ.

"სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანში; ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, შეუსაბამო დავალებების გაცემით იკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა".

ცესკოში ამბობენ, რომ გუშინ, 7 ოქტომბერს, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგზე შეჭრა და მისი ჩაშლა სცადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში და ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას, "რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა, მოემსახუროს ამომრჩევლებს და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საარჩევნო ღონისძიებები".

კომენტარები