ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: სამედიცინო ინფრასტრუქტურა მთლიანად მზადაა, მართოს კრიტიკული და მძიმე პაციენტები

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში სამედიცინო სისტემის ინფრასტრუქტურა მზადაა, სწორად მართოს მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გახარიას თქმით, ამ მიზნით შექმნილია კლინიკური ჯგუფი, ასევე რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფიც, რომელიც, როგორც გახარია ამბობს, ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს პროცესს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის აქტიური 4 518 შემთხვევიდან, 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 259 აჭარაში გამოვლინდა, 111 კი თბილისში, იმერეთში - 91, სამეგრელო ზემო სვანეთში - 25, გურიაში - 8, ქვემო ქართლში - 5, მცხეთაში - 5, შიდა ქართლში - 2 და კახეთშიც - 2.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები