თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის აქტიური, 4 077 შემთხვევიდან, 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 43 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ენდელაძის ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა, 72 კი თბილისში, იმერეთში - 44, სამეგრელო ზემო სვანეთში - 23, ქვემო ქართლში - 10, გურიაში - 8, სამცხე ჯავახეთში - 3, კახეთში - 1, შიდა ქართლში - 1.
ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8696 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





