ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში COVID 19-ით გარდაცვლილი 5 პაციენტიდან 3 ქუთაისში, 2 ბათუმში მკურნალობდა

AFP - Getty Images

გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 5 პაციენტიდან 3 ქუთაისში მკურნალობდა, ხოლო 2 პირი ბათუმში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მისი ცნობით, გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ, ოჩამჩირედან იყო გადმოყვანილი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, – "მოვუწოდებ მეც მოსახლეობას, აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვა".

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 297 აჭარაში, 78 კი თბილისში დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, რაც ვირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში აღირიცხა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები