შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში კაცმა ერთ ადამიანს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ასევე თავს დაესხა და დაჭრა პატრულ-ინსპექტორი, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა.
შსს-ს ცნობით, კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა.
პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა. ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
პატრულ-ინსპექტორებმა განხორციელებული დევნის შედეგად მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია განცხადებაში.




