არჩევნები 2020

ოცნების საარჩევნო სპეციალისტს თავს უცნობი პირები დაესხნენ, მას ოპერაცია უტარდება

ქართული ოცნების საარჩევნო სპეციალისტს დილით უცნობი პირები თავს დაესხნენ. მმართველი გუნდის წევრების ცნობით, თემურ შუბითიძე საკუთარი მანქანით მიდიოდა, მას შეეჯახა ოპელის მარკის ავტომობილი, "საიდან გადმოხტა ოთხი ადამიანი და განმარტებების და საუბრის გარეშე დაუწყეს მას ცემა". 

დაკავებულს ნიუ ჰოსპიტალში ოპერაციას უკეთებენ.

"აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, რაც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. პაციენტი მზადდება საოპერაციოდ, სხვა დაზიანებები არ აქვს, არის ჭრილობები, რომლებიც დამუშავებული და გაკერილია". – ამბობს ექიმი მიხეილ ბერიაშვილი.

მმართველი გუნდი მომხდარს ოპოზიციას უკავშირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, "ეს არის ბოლო დღეებში დაწყებული პროვოკაციების სერიის გაგრძელება". 

"ძალადობა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია, გუშინ საღამოს ფაქტი არის ძალიან სამწუხარო. იმის შემდეგ, რაც მარნეულში ვეღარ გაბედეს მომდევნო პროვოკაციის დაგეგმვა, დღეს უკვე ასე ლაჩრულად, ოთხი ადამიანი გაუსწორდა ერთს". – ამბობს მდინარაძე.

მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება იყო. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემესაზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც.

კომენტარები