არჩევნები 2020

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა 31 ოქტომბრის არჩევნებზე, საფრთხეებსა და მოლოდინებზე

Pirátské listy

ევროპული ღირებულებების ცენტრმა (European Values Center for Security Policy) ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და USAID-ის მხარდაჭერით ონლაინ დისკუსია გამართა, რომლის თემაც საქართველოში 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იყო. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტარმა მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვამ. მან საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე, დეზინფორმაციის საფრთხეზე და არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

გრიგოროვას თქმით, ვინაიდან საარჩევნო რეფორმა ახლახანს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გატარდა, ის გამოცდას გადის, თუ რამდენად იმუშავებს. მისივე თქმით, ეს არ არის ისეთი საგანგაშო, როგორც ის საფრთხე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო არსებობს.

"უფრო სახიფათოა ის, რაც მთელ მსოფლიოში ხდება. ესაა საგარეო ჩარევა და სხვადასხვა ფორმის დეზინფორმაცია, რომელიც შიგა აქტორებისგან მოდის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ორივეს წინააღმდეგ ბრძოლა. საგარეო ჩარევის შესახებ უკვე გვაქვს გარკვეული ცოდნა, როგორ ხდება, რა არის დეზინფორმაციის კამპანიების სახელმძღვანელო და როგორ ვებრძოლოთ მას. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დეზინფორმაციის საკითხზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. ვფიქრობ, გასულ წლებში და გასულ თვეებშიც კი მის მიმართ მედეგობა გამოვიმუშავეთ.

რაც უფრო საფრთხილოდ მიმაჩნია, არის ის, რისთვისაც მზად ვერ იქნები. ესაა შიდა გავლენები, როდესაც ამ ტაქტიკებს და უსამართლო სტრატეგიებს იყენებენ შიდა პოლიტიკური პარტიები ან ორგანიზაციები და ცდილობენ ხელი შეუშალონ დემოკრატიულ პროცესებს. ჩვენ ამასაც ვხედავთ მსოფლიოს გარშემო და რეალურად ჯერჯერობით არ არსებობს მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გზა, რადგან ადამიანები ბუნებრივად და ლოგიკურად ენდობიან მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს და თუ ეს წარმომადგენლები არიან ისინი, ვინც ცრუ ინფორმაციას და ტყუილებს ავრცელებენ, ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ და დავანახოთ, რომ ეს მისაღები არაა. ეს უნდა გააკეთონ როგორც შიდა აქტორებმა, ასევე ევროკავშირმაც. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით შევძლებთ დახმარებას. თუ მივიღებთ ინფორმაციას არასამთავრობო და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიდან, შეგვეძლება გავავრცელოთ განცხადება ან ანგარიში, რათა ვაჩვენოთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინ ცდილობს მათ მოტყუებას". - თქვა გრეგოროვამ.

მან ასევე ისაუბრა პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციაზე და პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობაზე:

"კარგი იქნებოდა რეალური თანამშრომლობის ნახვა მათ შორის, ვინც შეძლო თანამშრომლობა გასულ და მიმდინარე წელს გამართული დემონსტრაციების დროს და 8 მარტის შეთანხმებამდე. ოპოზიცია პირობას დებს, რომ შეძლებს თანამშრომლობას და ამის სურვილს გამოთქვამენ. ვიცი, რომ კოალიცია შექმნეს და ვნახავთ, რამდენად ძლიერი იქნება ის. იმედი მაქვს, რომ ის ძლიერი იქნება და აჩვენებს, რომ მათ ადარდებთ მოქალაქეების აზრი, რომელთაც დემოკრატიული დისკუსია სურთ. ასევე მიმაჩნია, რომ მათ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთში რაიმეს ინტერპრეტაციაზე კამათის ნაცვლად და აქტიურად ეცადონ ეძიონ სიმართლე, დაუკავშირდნენ კონტაქტებს ევროპულ პარლამენტში და მიაწოდონ ინფორმაცია სახლში. ჩვენ ვცდილობთ დახმარებას და მოხარულები ვიქნებით განვმარტოთ ჩვენი პოზიციები და ხედვები ნებისმიერ დროს. თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია პოლიტიკოსებზეც, რომლებსაც მოაქვთ ეს ინფორმაცია და იმაზე, თუ როგორ მოიტანენ მას, რათა ხალხი არ გრძნობდეს, რომ სპექტრი კვლავ პოლარიზებულია". - თქვა მან.

მარკეტა გრეგოროვამ ასევე გაამახვილა ყურადღება 8 მარტის შეთანხმებაზე, რეფორმების და პოლიტპატიმრების საკითხზეც, რაზეც მას წარსულში არაერთი კომენტარი გაუკეთებია

"ჩვენ, ევროპული პარლამენტის წევრები მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ აუცილებელია არა მხოლოდ დაპირებული საარჩევნო რეფორმების გატარება, არამედ პოლიტიზებული საქმეების, პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვა და მათი გათავისუფლება. ეს ძალიან მნიშნველოვანია იმაში, თუ როგორ აღვიქვამთ საქართველოს პროგრესს. როდესაც გავიგეთ, რომ საარჩევნო რეფორმა სრულდება, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნველოვანია. მაგრამ არ გვსურს დემონსტრაციების და ძალადობის განმეორება, რაც მოხდა გასულ წელს და ნაწილობრივ მიმდინარე წელს. ვიცით, რომ კორონავირუსის და მისი გავრცელების წინააღმდეგ შემოღებული ზომები ნიშნავს, რომ დემონსტრაციები ვეღარ ჩატარდება და მოქალაქეების სამოქმედო გეგმა საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად დავიწროვდა. ამიტომ მკვეთრად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას პოლიტიკური პატიმრების და ყველა საკითხის თაობაზე, რაც შედიოდა მარტის შეთანხმებაში".

მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას ახალი საარჩევნო მოდელით:

"მე ვნახე გამოკითხვები. რა თქმა უნდა, ვიცი როგორ მუშაობს ეს და რომ არასდროს გამოხატავს საბოლოო მოსაზრებას და იმას, რა მოხდება საბოლოოდ არჩევნებში, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი ვარაუდით, ქართული ოცნება არა მხოლოდ დაკარგავს ბევრ პროცენტს, იმასთან შედარებით, რაც მანამდე ჰქონდა, წინა არჩევნებში, მაგრამ ასევე, გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ძალიან დაბალანსებულია პოტენციური კოალიციების კუთხით. ქართული ოცნება კოალიციაში შევა ან პატრიოტთა ალიანსთან, ან რომელიმე სხვა მცირე ზომის პარტიასთან, რადგან, 1%-იანი მაჩვენებელიც კი ძალიან მნიშნველოვანია ახლა და ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. ამასთანავე, ოპოზიციის ბლოკი ქართული ოცნების წინააღმდეგია და თუ ძალებს გააერთიანებენ მთავრობის შესაქმნელად, თითქმის ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლები აქვთ. მე საქართველოს მოქალაქე არ ვარ, მაგრამ მოვუწოდებ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მისმენენ, ამ არჩევნებში მართლაც ყველა ხმა ითვლება. ძალიან დაბალანსებულია. იმ შემთხვევაშიც თუ ჩემი ვარაუდები არ გამართლდა, მაინც შესაძლოა ძალიან დაბალანსებული იყოს იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანი მივა ხმის მისაცემად, ბარიერის და ახალი პარტიების და აქტორების გათვალისწინებით". - თქვა მან.

კომენტარები