კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: უსიმპტომო პაციენტები ჩვეულ რიტმს მე-13 დღეს, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან Palitranews-ის ეთერში ილაპარაკა. 

გაბუნიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ უსიმპტომო პაციენტებში ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. მისი განმარტებით, ინფიცირებულებს რეკომენდაციას ოჯახის ექიმი ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს. 

"უსიმპტომო პაციენტებისთვის, ჩვენი ახალი პროტოკოლის მიხედვით, განსაზღვრულია 12 დღე, 12 დღის შემდეგ ამ პაციენტებს შეუძლიათ ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. ანუ სამსახურში შეიძლება გავიდეს ადამიანი, თუ მას არ ჰქონია სიმპტომები, რისი სოლიდური რაოდენობაც გვყავს. ამასთან დაკავშირებით მათ რჩევას ოჯახის ექიმი ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს. მთავარია სიმპტომი არ გამოგვრჩეს, რადგან თუ სიმპტომი აქვს, მაშინ ტესტირების აუცილებლობა მაინც რჩება. 

ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. თუ არის პაციენტი უსიმპტომო, გამოჯანმრთელებისთვის დამატებითი ტესტი საჭირო არ არის, თუ პირველი ტესტირებიდან 13 დღეა გასული, რაც შეეხება სიმპტომურ პაციენტებს, იქ კლინიკური ალგორითმი რთულია და ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შეიძლება პაციენტი დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას ტესტირების გარეშე თუ საჭიროა ტესტის ჩატარება“. – ამბობს გაბუნია. 

გუშინ, 28 სექტემბერს, გაბუნიამ ასევე თქვა, რომ ახალი პროტოკოლის მიხედვით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარაა.

მისი განმარტებით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ტესტის პასუხი კორონავირუსზე, შესაძლოა, დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია – "პრაქტიკულად არ არსებობს".

სულ, საქართველოში ახალი კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 2 324 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები