ეკონომიკა

BLOOMBERG-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ფასმა 3.34 ლარს გადააჭარბა

Reuters

Bloomberg-ის ვალუტით ვაჭრობის პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა გაუფასურებას დილიდან განაგრძობს. სავაჭრო დღის გახსნის მომენტში 1 დოლარის ღირებულება 3.3175 ლარი იყო, ხოლო ამ დროისთვის 3.3450 ლარია.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 20 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები