ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა

REUTERS

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა. როგორც ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საშუალო შეწონილმა კურსმა 3.2641 ლარი შეადგინა.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 420 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები