წლებია სააკაშვილი აღარ არის საქართველოში, ხან უკრაინაშია, ხან სხვაგან და როგორც ჩანს, დაეკარგა ქართული რეალობის აღქმა. ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა ამასობაში, პოლიტიკური ცვლილებები, ის ცვლილებები, რომ ჩვენ თითქმის პროპორციულის წესი გვაქვს მიღებული. ბრძოლით, სისხლით, დაპირისპირებით და სიჯიუტით მოვიპოვეთ საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა.
მართალია, 31 ოქტომბერს 120/30-ზე იქნება, მაგრამ ეს თითქმის პროპორციულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი პარტია ვეღარ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, ვერც ქართული ოცნება, ვერც ნაციონალური მოძრაობა, სისტემურად შეიცვალა ეს და ამის გააზრება, ამის აღქმა, როგორც ჩანს, სააკაშვილს უჭირს და თან მესმის, რომ ემოციურად ალბათ ისევ 2003 წლის ნოემბრის ამბებშია ჩარჩენილი, ვარდების რევოლუციაში, მაშინ, როდესაც გაიმარჯვა, ჩაიგდო ხელში ყველაფერი, ახლა კი ასე აღარ იქნება.





