არჩევნები 2020

თალაკვაძე: როგორც პედაგოგებს, ექიმებს, ასევე აქვთ მოწვევა სასულიერო პირებს ჩვენს შეხვედრებზე

ქართული ოცნება

პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხშირ დასწრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოწვევა ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირებს ისევე აქვთ, როგორც ექიმებს, პედაგოგებს და "ჩვენი საზოგადოების თავისუფალ წევრებს".

"სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები, პედაგოგები, ექიმები, ვინც ჩვენ შეხვედრებს ესწრებიან, არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები და როდესაც ჩვენ ვიწვევთ საზოგადოებას, სადაც ჩავდივართ, რასაკვირველია, ეს მოწვევა აქვთ სასულიერო პირებსაც". – ამბობს თალაკვაძე.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო. ბოლო დღეების განმავლობაში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრო ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებას ქუთაისსა და წყალტუბოში.

მიტროპოლიტი ჟურნალისტების კითხვას, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ, პასუხობს, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლონ, ღონისძიებაზე კი მისი მხარდაჭერის ან სიტყვით გამოსვლა არ ყოფილა.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე ეკლესიის მრავალი მღვდელმთავრის დასწრებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურა. ISFED აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

კომენტარები