არჩევნები 2020

ბაქრაძე: გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ეხმაურება.

ბაქრაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში და ლარი დღითიდღე უფასურდება. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის შეცვლას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც 31 ოქტომბერს მოვა.

"ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ისედაც გაუფასურებულ ლარს დაემატა გაზაფხულზე არასწორი მენეჯმენტის შედეგად მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა, დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელიც წელს აიღო მთავრობამ და ახლა ემატება ის უზარმაზარი საბიუჯეტო ვალდებულებები, რასაც არჩევნების მოსაგებად კისრულობს ქართული ოცნება.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება იქნება გრძელვადიანი, თუ არ მოიძებნა კონკრეტული გამოსავალი, ხოლო ეს გამოსავალი არის ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ცვლილებები უნდა გულისხმობდეს გადასახადების შემცირებას, სამთავრობო და ბიუროკრატიულო ხარჯების რადიკალურ შემცირებას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას და მთავრობის ხელში არსებული ქონების გადაცემას ხალხისთვის". – ამბობს დავით ბაქრაძე.

ბაქრაძე ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მძიმე კრიზისის დროსაც კი ეროვნული ბანკი რეგულაციებს არ ხსნის და ზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში.

"საგულისხმოა ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ამ მძიმე კრიზისშიც, ლარის მუდმივ ვარდნაშიც კი, ეროვნული ბანკი არ ხსნის თავის რეგულაციას, რომლითაც ზღუდავს არამარტო ბანკებს, არამედ ზღუდავს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას. ისედაც მძიმე ეკონომიკურ ფონს და კრიზისს ემატება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რომლითაც კიდევ უფრო იზღუდება ეკონომიკა. ეს ყველაფერი, სამთავრობო ხარჯები, ვალები, ბიუჯეტით აღებული საარჩევნო ვალდებულებები, უაზრო რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს ეკონომიკას". – თქვა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები