ჯოან როულინგი

ჯოან როულინგს ქროსდრესერი მკვლელი პერსონაჟის გამო ტრანსფობიაში ადანაშაულებენ

Getty Images

ლეგენდარული მწერალი, ჯოან როულინგი, ტრანსგენდერთა უფლებების დამცველთა აქტივისტების თავდასხმის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად, ახლახან გამოქვეყნებული კრიმინალური რომანის გამო, სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი - ქროსდრესერი კაცი სერიული მკვლელია.

ჯოან როულინგმა ახალი რომანი Troubled Blood თავისი ფსევდონიმით, რობერტ გალბრაიტის სახელით გამოაქვეყნა. რომანი კრიმინალური ჟანრის წიგნების სერიის მეხუთე ნაწილია.

კვირას, 14 სექტემბერს, Daily Telegraph-ში ჯეიკ კერიჯის მიერ დაწერილია რეცენზია გამოქვეყნდა, სადაც რომანის სიუჟეტი არის განხილული - დაკარგული ექიმის ძიება, რომელიც, სავარაუდოდ, ქროსდრესერი მკვლელის მსხვერპლი გახდა.

"საინტერესოა, რას იტყვიან კრიტიკოსები იმ წიგნზე, რომლის მორალიც არის, რომ არასდროს უნდა ვენდოთ კაბაში გამოწყობილ კაცს". – წერს ჯეიკ კერიჯი.

ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ამ ფაქტს ახლაც გულანთებულები შეხვდნენ Twitter-ის მომხმარებლები. იქ სპეციალური ჰეშთეგი - #RIPJKRowling [მშვიდად განისვენე როულინგ] შეიქმნა, რითიც მწერლის კრიტიკოსები თავიანთ აღშფოთებას გამოხატავენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კრიტიკის ობიექტი ჯოან როულინგი რამდენიმე თვის წინაც გახდა. 6 ივნისს როულინგმა გააზიარა სტატია, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა". მწერალი ამას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?". – დაწერა მან.

ამის გამო იგი აქტივისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს და ტრანსფობიაში დასდეს ბრალი. თუმცა, როულინგის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა, რაც მწერალმა დაწერა, რომ ბიოლოგიური სქესი არსებობს და ის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მაშინ ჯოან როულინგმა კრიტიკოსებს ვრცელი წერილით უპასუხა.

კომენტარები