ჯოან როულინგი

ტრანსგენდერებზე პოზიციის გამო, როულინგი არ უნდა დააკავონ – გაერთიანებული სამეფოს მთავრობა

ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი
REUTERS/Toby Melville/File Photo

ბრიტანეთის მთავრობამ ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ტრანსგენდერებზე შეხედულებების გამო ის არ უნდა დააკავონ.

მთავრობის განცხადება მოჰყვა შოტლანდიაში სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ მიღებულ ახალ კანონზე როულინგის პოსტს.

ორშაბათს, 1 აპრილს შოტლანდიაში ძალაში შევიდა ახალი კანონი სიძულვილის დანაშაულების შესახებ, რომელიც ასაკთან, შეზღუდულ შესაძლებლობებთან, რელიგიასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და ტრანსგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს, რომლებიც შესაძლოა სიძულვილს აღვივებდნენ, სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ჰუმზა იუსაფმა თქვა, რომ კანონპროექტი ეხება "ადამიანების დაცვას სიძულვილის მზარდი ტალღისგან".

"თუ თქვენი საქციელი არ არის მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი და მიზნად სიძულვილის გაღვივებას არ ისახავს, მაშინ არაფერი გექნებათ სანერვიულო". - თქვა მან.

როულინგმა კანონის ძალაში შესვლის დღესვე მისი "დატესტვა" გადაწყვიტა, X-ზე გამოაქვეყნა ტრანსგენდერი ქალების 10-კაციანი სია და დაწერა, რომ ისინი სინამდვილეში კაცები არიან. სიაში შედიოდნენ გაუპატიურებაში მსჯავრდებული, სექსუალური მოძალადეები და აქტივისტები.

"სიტყვისა და რწმენის თავისუფლება შოტლანდიაში დასასრულს უახლოვდება, თუ ბიოლოგიური სქესის ზუსტი აღწერა კრიმინალად ითვლება... ამჟამად ქვეყნიდან გასული ვარ, მაგრამ თუ ის, რაც აქ დავწერე, ახალი აქტის პირობებში კვალიფიცირდება როგორც დანაშაული, მოუთმენლად ველი დაკავებას, როცა დავბრუნდები". - დაწერა როულინგმა.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ როულინგის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ შოტლანდიის მსხვერპლთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, შოვან ბრაუნმა გუშინ, 1 აპრილს თქვა, რომ სიძულვილის დანაშაულებზე შოტლანდიის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა საქმე აღიძრას, თუმცა, ეს პოლიციის გადასაწყვეტია.

საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა თქვა, რომ ბრიტანეთს აქვს სიტყვის თავისუფლების ამაყი ტრადიცია და რომ ახალმა კანონმა პოლიციას არასწორი პრიორიტეტები განუსაზღვრა.

"ჩვენ არ უნდა დავადანაშაულოთ ადამიანები, რომლებიც საღ აზრს ამბობენ ბიოლოგიურ სქესზე. ცხადია, ეს არასწორია". - თქვა სუნაკმა.

შოტლანდიის ახალი კანონი აღმკვეთ ღონისძიებად ჯარიმას ან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯოან როულინგს წლების მანძილზე ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. მან ამ თემაზე მრავალჯერ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ტრანსგენდერი ქალები ქალები არ არიან. გასულ კვირაში მან შოტლანდიის ახალი კანონიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ის კომიკურია და კაცისთვის კაცის დაძახებას გააგრძელებს.

კომენტარები