არჩევნები 2020

ევროპელები მცხეთა-მთიანეთში მხარს ლეიბორისტების კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერენ

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დუშეთში პარტიის მხარდამჭერებს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, ბექა ნათელაშვილი წარუდგინა, რომელსაც ევროპული საქართველო მხარს უჭერს.

დავით ბაქრაძემ თქმით, რომ არ გაყოფილიყო ხმები და ამით ბიძინა ივანიშვილს არ ესარგებლა, ევროპულმა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს დაუჭერს ბექა ნათელაშვილს.

ბაქრაძის განმარტებით, ყოველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი გარდამტეხი ცვლილებებია.

"ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპული საქართველოსთვის მთავარი გახლავთ ამ არჩევნებში ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება, რადგან ესაა გზა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები. ამ გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციასთან და ამ ოლქში მხარს ვუჭერთ ბექა ნათელაშვილს და ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩევნები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება". – ამბობს ბაქრაძე.

7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტული პარტიიდან მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.

ბექა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანია და ახალგაზრდა ლეიბორისტული ფრთის ლიდერი.

კომენტარები