არჩევნები 2020

ნადირაშვილი: ვაზიანში ხელისუფლების წარმომადგენელი ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენელს პარტიის აქტივისტებზე ზეწოლასა და ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ნადირაშვილის თქმით, ევროპული საქართველოს აქტივისტები ატარებდნენ შეხვედრას სოფელ ვაზიანში, რა დროსაც ხელისუფლების წარმომადგენელი და ქართული ოცნების აქტივისტები სიტყვიერი შეძახილებით ხელს უშლიდნენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს. ირმა ნადირაშვილი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ეს საქმე.

"გუშინ ინციდენტი მოხდა გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, სადაც ევროპული საქართველოს აქტივისტები ჩასულები იყვნენ და მოსახლეობას ხვდებოდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ჩვენს აქტივისტებს აედევნა ავტომობილი, ხოლო ამ ავტომობილში ჩვენი ინფორმაციით, იჯდა ლევან მენახშირიშვილი, ის გახლავთ სახელმწიფო წარმომადგენელი სოფელ ვაზიანში. ამ ადამიანმა ქართული ოცნების აქტივისტები მიუსია ჩვენ ჯგუფს, ისინი ცდილობდნენ ჩვენთვის ხელი შეეშალათ. სხვადასხვა სიტყვიერი შეძახილით, ისინი ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ ჩვენ მხარდამჭერებზე. 

მე მინდა, რომ ამ ადამიანებს და ქართულ ოცნებას ვუთხრა, თუ თქვენ მხოლოდ კეკლუცობისთვის და საერთაშორისო პარტნიორებში ქულის დაწერისთვის არ დააყენეთ ინიციატივა, რომ დაისაჯოს საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა, მაშინ მე წარმოგიდგინეთ პიროვნება, წარმოგიდგინეთ ფაქტებიც და ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები“. – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

2020 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ამომრჩევლის იძულებას, დაშინებასა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ეხება. ქართულ ოცნებას სურს, ყველა მათგანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

"საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას". – თქვა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე 26 აგვისტოს.

კომენტარები