არჩევნები 2020

კახიძე: ჩვენი ამოცანაა დავუბრუნოთ პარლამენტი ქუთაისს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთარ კახიძემ ფორმულას ეთერში ქუთაისის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის პრობლემები იყოს არა ლოკალურ დონეზე განხილული, არამედ ფართო ყურადღების ცენტრში მოექცეს.

"ქუთაისის საჰაერო სივრცე არის დახურული, მოგეხსენებათ, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გახსნამ ქალაქს ახალი სიცოცხლე შესძინა, ევროპელმა ტურისტებმა დაიწყეს მოგზაურობა და ეს იყო ამ ქალაქისთვის ძალიან დიდი შეღავათი, უამრავი სასტუმრო, ჰოსტელი, საოჯახო ტიპის სასტუმროები, ექსკურსიამძღოლები, ზოგადად, გიდები და სექტორის თანამშრომლები, ისევე, როგორც კაფე-რესტორნის თანამშრომლები, ახლა არიან გაჩერებული, შემოსავლის გარეშე და საბანკო კრედიტების პირისპირ". – ამბობს კახიძე.

კახიძე აღნიშნავს, რომ ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა კორუფცია, ნეპოტიზმი და საზოგადოებრივი ტრანსპორტია და მიზანი არის ის, რომ პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდეს. 

"არ მალავს არავინ უკმაყოფილებას მერიის მიმართ და ეს პრობლემები, პირველ რიგში, უკავშირდება კორუფციასა და ნეპოტიზმს. ის, რომ ქალაქში ბევრი რამ არის გაუკეთებელი, ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის იმდენად დაჟანგული, რომ გადაღებვაც არ შველის, მეორადი მოხმარების ტრანსპორტი ჰყავს უძველეს დედაქალაქს. ეს არის სირცხვილი, ამაზე წუხს ქალაქი და მერია ამ დროს არის კორუფციაში ჩაფლული.

თქვენ იცით, რომ ბათუმის მერი კორუფციისთვის გაასამართლეს, ზუგდიდის მერიც კორუფციისთვის გაასამართლეს და ქუთაისის შესახებ თუ ჩახედავთ აუდიტის დასკვნებს, ნახავთ, რომ ასიათასობით ლარი ქრება გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან.

ქუთაისი მაშინ იყო ყველაზე განვითარებული, როდესაც მას ჰქონდა პოლიტიკური ცენტრის დატვირთვა. არ შეიძლება ამ თემის გამოტოვება, ვინაიდან პარლამენტის წართმევაზე ყველაზე მეტად წუხს ეს ქალაქი და ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტი დავუბრუნოთ ამ ქალაქს". – თქვა კახიძემ.

კომენტარები